ხორციანი ღვეზელები გემრიელია როგოც ცხობის შემდეგ, ასევე ცივად. ძალიან მოსახერხებელია წასაღებად და სამგზავროდ. თუმცა ახალ გამომცხვარ თბილ ღვეზელებს არაფერი შეედრება. მე ხშირად წინასწარ ვამზადებ ღვეზელის ცომსა და გულს, მაცივარში ვინახავ და განსაკუთრებულ მომენტებში ვაცხობ საჭირო რაოდენობით.
ავიღოთ მოზრდილი თასი, მოვათავსოთ ფქვილი და შევურიოთ მას საფუარო. კარგად ავურიოთ კოვზით ან ხელით. შუაგულში მოვათავსოთ მარილი, შაქარი, მარგარინი და წყალი და მოვზილოთ ცომი. შევაზილოთ მას 1ჩ/კ ზეთი და გადავაკრათ პოლიეთილენის პარკი, შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად დაახლოებით 2 სთ.
შიგთასისთვის ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ მოხარშული ხორცი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე კარაქში. დავამატოთ გატარებული ხორცი და გავაგრძელოთ შუშვა. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი და კამა.
გაფუებული ცომი გადმოვიტანოთ ხის დაფაზე. ხელით გავაბრტყელოთ 2 სმ-ის სისქეზე და მოვჭრათ პატარა გუნდები ჭიქით, თანაბარი ზომის ღვეზელები რომ გამოვიდეს. ხელით გავაბრტყელოთ თითოეული და მოვათავსოთ მათზე თითო ჩ/კ შიგთავსი, შევუკრათ პირები და მივცეთ სასურველი ფორმა. გაცხელებულ ღრმა ტაფაში ჩავასხათ ბლომად ზეთი და ჩავალაგოთ ღვეზელები გამოსაცხობად.