ასეთი ტარტის მომზადება სხვა კენკრითაც შეგიძლიათ.
თავიდანვე ჩართეთ ღუმელი, დააყენეთ 180 გრადუსზე, რომ გახურდეს. ~26 სმ დიამეტრის ფორმას (უკეთესია ისეთი, რომელსაც კედლები ეხსნება) წაუსვით კარაქი ძირზე და გვერდებზე.
ცომი: ტარტის ფუძის მოსამზადებლად მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ბოლოს გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვიფეთ, შემდეგ მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმაში და ფქვილიანი ხელით ფრთხილად დატკეპნეთ და გადაანაწილეთ ფორმის ძირსა და კედლებზე ისე, რომ ყველგან მეტ-ნაკლებად თანაბარი სისქის ფუძე გამოგივიდეთ. ფორმის კედლებზე ცომი დაახლოებით 3-4 სმ-ით უნდა ავიდეს. შედგით ცომიანი ფორმა მაცივარში (უკეთესია, თუ საყინულეში შედებთ, სულ რაღაც 7-10 წუთით) და ამასობაში შიგთავსს მიხედეთ.
შიგთავსისთვის ათქვიფეთ კვერცხი და შაქრის პუდრი სითეთრემდე, შემდეგ დაამატეთ არაჟანი, ვანილი, და კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში თქვიფეთ.
ამოიღეთ ცომიანი ფორმა მაცივრიდან, ხშირ-ხშირად დაჩხვლიტეთ ცომი ძირზე ჩანგლით და შედგით გახურებულ ღუმელში 10 წუთით. 10 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და ოდნავ გამომცხვარ ფუძეს თანაბრად მოაყარეთ მოცვის მთლიანი რაოდენობის 2/3 (მოცვი უნდა იყოს გარჩეული, გარეცხილი და სამზარეულოს პირსახოცზე გამშრალი). თუ ცომი ძალიან ამოფუვდა ღუმელში და ამოიბერა, მოცვის მოყრის შემდეგ ფრთხილად დააწექით მას ხელის გულით, ისე, რომ ცომი ისევ ჩაღმრავდეს და გასწორდეს. მოცვს ზემოდან არაჟნის მასა გადაასხით. იმისათვის, რომ არაჟნის მასა კარგად განაწილდეს მთელს ზედაპირზე, რამდენჯერმე მსუბუქად დააკაკუნეთ ფორმით მაგიდის ზედაპირზე. არაჟანს ზემოდან დარჩენილი მოცვი მოაყარეთ; თუ მოცვი თავისით არ ჩაიძირა არაჟნის მასაში – თითის ოდნავი დაწოლით ნაწილობრივ ჩაძირეთ.
შედგით ფორმა ღუმელში და გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში. 15 წუთის მერე დახედეთ ნამცხვარს და თუ შეატყობთ, რომ ფუძე უკვე საკმაოდ დაბრაწულია – ოდნავ დაუკელით ტემპერატურას (წესით ასეთი რამ არ უნდა დაგჭირდეთ). გამომცხვარი ტარტი გამოიღეთ, აცალეთ შეგრილება ფორმაში, შემდეგ მოხსენით კედლები. მიირთვით ბოლომდე გაგრილებული.
მეორე დღეს, მაცივარში შენახვის შემდეგ, ტარტი კიდევ უფრო ნაზი და ერთგვაროვანი ხდება. ასეთი ტარტის მომზადება სხვა კენკრითაც შეგიძლიათ.