გთავაზობთ რეცეპტს დაახლოებით 3 საათში 4 პორცია საუკეთესო ატმის დესერტის მოსამზადებლად. შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია, რომლის მომზადებას უკვე საკუთარ სახლშიც შეძლებთ სწორედ ამ რეცეპტის დახმარებით!
ჯერ დაიწყეთ ნაყინის მომზადება: დიდი ზომის თასში მიქსერით გათქვიფეთ კვერცხის გულები და 3/4 ჭიქა შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე(3 წუთი საშუალო/მაღალი სიჩქარით). ქვაბში ჩაასხით რძე, ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ ფრთხილად ჩაუმატეთ ცხელი რძე კვერცხის მასას და ნელა შეურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და დადგით ზომიერ ცეცხლზე(საჭიროა, რომ ცოტათი შესქელდეს). მუდმივად ურიეთ ხის კოვზით, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში; ნუ აადუღებთ.
დიდი ზომის თასში ჩაასხით ცივი წყალი ყინულებით. გადაიტანეთ მომზადებული მასა საშუალო ზომის თასში და ჩადგით დიდ თასში გასაცივებლად. თან ჩაუმატეთ იტალიური ნაღების ყველი მასკარპონე, ლიმონის წვენი, მწიკვი მარილი და 30 წუთის განმავლობაშიდროგამოშვებით ურიეთ. გადაიტანეთ მომზადებული კრემი ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით საყინულეში სულ მცირე 2 საათით.
ამასობაში კი შეწვით ატამიც: დიდი ზომის ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ მშრალი თეთრი ღვინო, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჭიქა წყალი, 1/4 ჭიქა შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ მანამ, სანამ არსებული მასა არ განახევრდება მოცულობით(დაჭირდება დაახლოებით 30 წუთი). შემდეგ ჩაუმატეთ 1 ღერი როზმარინი და 10 წუთის შემდეგ ისევ ამოიღეთ უკან.
გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). 20სმ ზომის საცხობ ლანგარზე დაალაგეთ ატმის 8 ნაჭერი(შუაზე გაჭრილი 4 ატამი). ატამი უნდა იყოს მწიფე, მაგრამ მყარი, გათლილი და კურკაამოცლილი. მოასხით მომზადებული სიროფი და შედგით შესაწვავად დაახლოებით 40 წუთით, სანამ ატამი არ დარბილდება. დროგამოშვებით გადააბრუნეთ ატმის ნაჭრები და ხელახლა მოასხით წვენი.
გადაანაწილეთ ნაყინი 4 ცალ თასში, ზემოდან დაალაგეთ 2-2 ნაჭერი შემწვარი ატამი, მოასხით ცოტაოდენი ცხელი სიროფი და გემრიელად მიირთვით!