გრანიტა მზადდება შავი თუთის, ჩვეულებრივი სიროფისა და ცოტაოდენი ლიმონისაგან. შემდეგ კი ყინავენ კრისტალებად, რაც ვიზუალურად ცალკეულ ძვირფას თვლებს მოგაგონებთ.
ჩაყარეთ ქვაბში შაქარი, დაასხით წყალი და შემოდგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული სიროფი გააგრილეთ.
ჩაყარეთ თუთა (ან მაყვალი და ჟოლო ერთმანეთში არეული) ბლენდერში, ჩაასხით ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ. მიღებული მასის რაოდენობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1 მთელ 1/3 ჭიქას.
მიღებულ მასას დაუმატეთ მომზადებული სიროფი, ჩაასხით ღრმა ჭურჭელში, გადააფარეთ თავზე ფოლგის ფურცელი და შედგით საყინულეში.
ერთი საათის შემდეგ აიღეთ ჩანგალი, ჭურჭლის ძირიდან, გვერდებიდან ყინულის კრისტალები ჩამოფხიკეთ და აურიეთ ისინი ჭურჭელში არსებულ მასაში. გაიმეორეთ იგივე ნახევარ საათიანი ინტერვალებით მანამ, სანამ არ მიიღებთ მშრალ, დაახლოებით ერთი ზომის ყინულის კრისტალებს. ასეთი გრანიტა შეგიძლიათ მთელი ღამე გააჩეროთ საყინულეში.
სანამ გრანიტას სუფრასთან გაიტანთ, აცადეთ 5 წუთი, რომ ოდნავ შელღვეს. შემდეგ ამოურიეთ ჩანგლით, გადაიტანეთ მაღალ ჭიქებში და დაუყოვნებლივ მიიტანეთ სუფრასთან.
თუკი გსურთ გრანიტა საუზმედ მიირთვათ, ის იდეალურია ცხელ ფუნთუშებთან ან ნაღების ნამცხვართან ერთად. იმ შემთხვევაში, თუკი დესერტად გსურთ – გრანიტას თავზე დაადეთ იმავე არომატის ნაყინი ან მოასხით ამოყვანილი კრემი. სურვილისამებრ აურიეთ სხვა შემადგენლობის გრანიტაში (ნუშის რძე, ფისა, ყავა, ლიმონი ან ფორთოხალი).