ბავშვობაში მეგონა, რომ ბებო ჭყინტი ყველის, გემრიელი ხაჭოს, მაწვნის, ნადუღისა და სხვა რძის პრდუქტების დასამზადებლად ჯადოსნურ ინგრედიენტებს იყენებდა. მაშინ წარმოუდგენელი ჩანდა, როგორ შეიძლებოდა სითხეს მიეღო სხვათასხვა მდგომარეობა და თან ეს შეენარჩუნებინა დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩამოთვლილი პროდუქტების მომზადების ჯადოსნური საიდუმლო ამომეხსნა და ვფიქრობ, ეს ბევრი თქვენგანისთვისაც საინტერესო იქნება. რაც მთავარია, რძის პროდუქტების სახლის პირობებში დამზადება დაგიზოგავთ ბევრ ფულს და ოჯახის წევრებს ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტებით გაუმასპინძლდებით, რისი დაგემოვნებაც თითოეულ მათგანს ბავშვობის გემრიელ მოგონებებს გაახსენებს.
დღეს გაგიზიარებთ ყველის ამოყვანის საიდუმლოს:
ინგრედიენტები:
– 6 ან 8 ლიტრი რძე
– ე.წ. კვეთი (მაჭიკი ან პეფსინი)
– ალუმინის ჭურჭელი რძის შესათბობად
– ჭურჭელი ყველის შესანახად. სასურველია გამოიყენოთ საწურის ტიპის პლასტმასის ჯამი.
* მაჭიკი არის ძუძუმწოვარი ცხოველების კუჭის ბოლო განყოფილება. მაჭიკის უჯრედები გამოყოფენ კუჭის წვენს, რომელიც შეიცავს პეფსინს. ახალშობილი ცხოველების მაჭიკის წვენისგან მზადდება კვეთი, რომელსაც ხაჭოსა და ყველის დასამსაზედლად იყენებენ.
* პეფსინი არის სითხე, რომელიც რძეს შედედებაში დაეხმარება. მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში.
მაშ ასე, ბებოს ჯადოსნური ინგრედიენტის საიდუმლოც ამოხსნილია!
ჭყინტი ყველის ამოყვანის ეტაპები:
რძე მოათავსეთ ალუმიმნის ქვაბში და შეათბეთ. გაითვალისწინეთ, რომ რძე არ უნდა ადუღდეს. ხელით მოსინჯეთ და როგორც კი მივა იმ ტემპერატურამდე, რომ ხელს არ გწვავდეთ, გადმოდგით გაზიდან. ჩაასხით მასში კვეთი, მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 30–40 წუთით (მე ვიყენებ ყველის კვეთის სითხეს, პეფსინს. საზომად შეგიძლიათ პეფსინის ქილის თავსახური გამოიყენოთ. ხუფის ძირს რომ დაფარავს სითხე, ეს მოცულობა საკმარისი იქნება 8 ლიტრი რძის ასაჭრელად. ჩაასხით სითხე შემთბარ რძეში, მოურიეთ და ქვაბი დადგით შეფუთულ მდგომარეობაში, რათა ძალიან არ გაცივდეს.
30/40 წუთის გასვლის შემდეგ რძე გახდება ერთგვაროვანი მასა. შედედებული რძე შემოდგით დაბალ ცეცხლზე შესათბობად და მოურიეთ, მოეხმარეთ მასას აიჭრას. შემთბარი რძე გადმოდგით გაზიდან და რძის აჭრილი ნაწილები ხელით მოაგროვეთ. ასე შესაძლებელი იქნება ყველის ამოყვანა. თავიდან ყველის ნაწილები გაიშლება, თუმცა ისინი ერთად მოგროვების შემდეგ მარტივად შეიკვრება. შეგროვების პროცესში ყველი ოდნავ მოწურეთ და ეცადეთ ძალიან არ გამოწუროთ, რომ არ დაპატარავდეს და არ გამოშრეს. ამის შემდეგ ყველი მოათავსეთ საწურის მსგავს პლასტმასის ჯამში და ზედაპირზე მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. ახალ ამოყვანილი ყველი სითხეს კიდევ გამოყოფს, რაც არ უნდა გადაასხათ, ქვაბში ჩააბრუნეთ დარჩენილ სითხესთან ერთად. ეს სითხე შემდგომ კიდევ გამოდგება.
გაციების შემდეგ ყველი მზად არის სუფრაზე მისატანად.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ყველის ე.წ. დამარილება, ამისათვის ყველი მარილიან წყალში უნდა შეინახოთ.
ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი სითხეს არასდროს ვასხამ. როგორც აღმოჩნდა, ამ სითხეს ეძახიან შრატს და მისგან ამზადებენ ნადუღს. სითხეს იმავე ქვაბში ვადუღებ 5–10 წუთის განმავლობაში და როცა სითხე დაიწმინდება და აჭრილი რძის მასები გამოჩნდება, წვრილ საცერზე ვწურავ და ვიღებ ნადუღს. მართალია ბევრი არ გამოდის, მაგრამ ძალიან გემრიელია. ნადუღს შეგძლიათ შეურიოთ წვრიად დაჭრილი პიტნა და სულგუნის ფირფიტებთან ერთად მიირთვათ.
ნადუღსიგან დარჩენილი სითხე შეგიძლიათ თბილი დალიოთ, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და უკუჩვენებები არ აქვს. შრატი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭაპურის ან პურის ცომის მოსაზელად, განსაკუთრებულ სასარგებლო თვისებებს შესძენს ცომს.
თუ მოგეწონათ ჩემი რჩევა, გაუზიარეთ მეგობრებს :)