მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კერძს პირდაპირ ან ღია ცეცხლზე ამზადებს, ან ტრადიციულ ღუმელზე, რომელიც უმეტესად მუშაობს შეშაზე, ქვანახშირზე და სხვა მასალებზე. 3 მილიარდი ადამიანი სწორედ ამ გზით იმზადებს კერძს. მასალის წვისას გამოყოფილი მომწამვლელი ბოლი კი წელიწადში მათგან 1,9 მილიონი კაცის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ წვისას გამოყოფილი კვამლი რიგით მეხუთე ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორთაგანია განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. ამ ფაქტორით გამოწვეული დაავადება შეიძლება იყოს პედიატრიული პნეუმონია, ემფიზემა, ფილტვების კიბო, ბრონხიტი, კარდიოვასკულარული დაავადება და სხვა.
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, აფრიკა და ჩინეთი წარმოადგენენ ნახსენები მიზეზით გამოწვეულ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარების ეპიცენტრულ რეგიონებს. საფრთხე განსაკუთრებით ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს ემუქრებათ. ღუმელების მიერ გამოყოფილი ბოლი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარდა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასაც ლოკალური, რეგიონალური და შემდეგ გლობალური მასშტაბით.
გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა იმ გლობალური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის მიზანიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდის წინამძღვრობით სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა იქნებოდა. უფრო კონკრეტულ და პრაქტიკულ მიზანს კი 2020 წლისათვის 100 მილიონ ოჯახში უსაფრთხო და ეფექტური ღუმელების არსებობა წარმოადგენს. ალიანსი მხარს უჭერს და ყველას მოუწოდებს იმ ელექტრო და სხვა სახის ღუმელების შემოღება-დანერგვას, რომლებიც ბიო-საწვავზე იმუშავებენ და ჯანმრთელობისათვის მავნე გამონაქვოლბს არ გამოყოფენ.
ზემოთგანხილული საკითხი აქტუალური პრობლემაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვისაც. როდესაც ვსაუბრობთ ფილტვების კიბოს გახშირებულ შემთხვევებზე და მიზეზად ერთი ხელის მოსმით მოგვყავს თამბაქოს მოხმარება ამ დროს ავტომატურად გამოვრიცხავთ ამ უბედურებაში წვლილის შემტან ყველა სხვა ფაქტორს და აღარც ვუფიქრდებით მათ. ძველი, გაუმართავი გაზქურა და ყველასათვის ცნობილი ფეჩი – მომმარაგებლები იმ ნამწვავის, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას პირდაპირ თუ არ იწვევს მას. ამ პრობლემის მოგვარებაზე ხელისუფლების გარდა არასამთავრობო ორგანოები და სამოქალაქო საზოგადოება, მისი თითოეული წევრი უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს.